პროფესორ პაატა გერგაიას სახელობის აუდიტორიის გახსნა

9 ნოემბერი 2024

8 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ პაატა გერგაიას სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

 

ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ბატონი პაატას ოჯახის წევრები, კოლეგები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. კახა შენგელიამ აუდიტორიას სიტყვით მიმართა და პაატა გერგაიას შესახებ ისაუბრა. სიტყვით წარდგნენ, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები და სხვა სტუმრები, რომლებმაც ყურადღება პაატას პროფესიონალიზმსა და პიროვნულ თვისებებზე გაამახვილეს.

 

პაატა გერგაია სხვადასხვა დროს სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტში, კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროში და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში, ასევე გაზეთებში „მაცნე“ და „ახალი ქართული გაზეთი“.

 

2018 წლიდან იგი იყო კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აფილირებული პროფესორი და აქტიურად იყო ჩართული კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობაში. კავკასიის უნივერსიტეტში მოღვაწეობის პერიოდში მისი ავტორობით გამოიცა 7 სამეცნიერო მონოგრაფია და არაერთი სტატია. მანამდე ბატონი პაატას მოღვაწეობა 60-მდე პუბლიცისტურ-ანალიტიკურ სტატიას და 3 წიგნს ითვლიდა. გამოსაცემად მზადდებოდა მისი ფუნდამენტური ნაშრომი „დიდი რუსობა“.

 

ბატონი პაატას გარდაცვალება დიდი დანაკლისია მისი ოჯახისა და ახლობლებისათვის, კავკასიის უნივერსიტეტისა და მთლიანად ქართული აკადემიური სივრცისთვის.

 

პაატა გერგაიას შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე.