კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, და ვიცე‑პრეზიდენტი, ირენა მელუა, მონაწილეობდნენ ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (NIBES) 29‑ე ყოველწლიურ კონფერენციასა და მმართველი საბჭოს შეხვედრაში, რომელიც გაიმართა ტაივანში, Yuan Ze University-ს მასპინძლობით.
ღონისძიების ფარგლებში ქსელის წევრებმა ახალი გენერალური მდივნის პოზიციაზე, ერთხმად აირჩიეს ICHEC ბრიუსელის მენეჯმენტის სკოლის ასოცირებული დეკანი - სოფია პიეტერსი 2 წლის ვადით. კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე‑პრეზიდენტი ირენა მელუა კი მეორე ვადით აირჩიეს ქსელის მმართველი საბჭოს წევრად.
კონფერენციის თემა გახლდათ მდგრადობა, ციფრული ტრანსფორმაცია და სოციალური ზეგავლენა რომელთა ირგვლივაც განხორციელდა სესიები და მოხსენებები. ქსელის წევრებმა აქტიურად გაცვალეს ინფორმაცია უნივერსიტეტებში მიმდინარე სიახლეებისა და პროექტების შესახებ და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები. დელეგატებისთვის ასევე მოეწყო კვლევითი სესიების შედეგების ანალიზი და IR Affinity Group-ის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების გაცნობა, რომელსაც ირენა მელუა ხელმძღვანელობს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ სამუშაო ფორმატის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, YZU-ის პრეზიდენტს - ჩინგ-ჯონგ ლიოს შეხვდა.
NIBES-ის საიუბილეო 30‑ე ყოველწლიური კონფერენცია და მმართველი საბჭოს შეკრება გაიმართება 2026 წელს, დანიაში, სამხრეთ დანიის უნივერსიტეტში. NIBES წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაციას, რომელიც დაარსდა 1996 წელს და ამჟამად აერთიანებს 21 ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლას 21 ქვეყნიდან. კავკასიის უნივერსიტეტი გახდა NIBES-ის წევრი 2007 წელს, ჰიროსიმაში ჩატარებულ მე‑11 ყოველწლიურ შეხვედრაზე და ერთადერთი ქართული წევრია ორგანიზაციაში.