კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის, გიორგი ბურდულის და მისი გუნდის დაფუძნებული სტარტაპი „Mimirex“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
,,Mimirex'' აკავშირებს ტექ-ინდუსტრიაში კარიერის დაწყების, მასში მიგრაციის ან ტექნოლოგიური უნარების გაძლიერების მსურველ მომხმარებლებს აღნიშნულ სფეროში გამოცდილ პროფესიონალებთან, რომლებსაც საკუთარი თავისუფალი დროის მონეტიზაცია შეუძლიათ პლატფორმაზე პერსონალიზებული ქოუჩინგის გზით.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2023 წლის 13 ივლისს მეთერთმეტედ გამოაცხადა.
აღნიშნული პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.
პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი, საინვესტიციო კომიტეტმა გამოავლინა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ: ტიმ ვაგნერი, საშა მიჩაუდი, მარვინ ლიაო, ზაზა ფაჩულია, აიაშ პუბმრა.