29 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, Erasmus+ უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CBHE) პროექტის, PRODIGE - ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში, ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ტრენინგში “ცვლილებების მართვის პროცესის დაუფლება” და კონსორციუმის საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა: სტრატეგიული განვითარების და კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტების დირექტორმა - დავით წიკლაურმა, პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა - აკაკი კაპანაძემ, პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ასისტენტმა - ფრედ კატონგოლე კასირიემ და საერთაშორისო პროექტების მენეჯერმა - თამარ თელიამ.
პროგრამის პირველი სამი დღე უმაღლეს განათლებაში ციფრული ტრანსფორმაციის მართვის მიმართულებით ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას დაეთმო. ტრენინგებს უძღვებოდნენ ხორვატიის ალგებრა ბერნეისის უნივერსიტეტის (Algebra Bernays University) წარმომადგენლები: პროფესორი ლეო მრშიჩი - ვიცე-რექტორი მეცნიერებისა და კვლევის დარგში და ივა მანდეკიჩი - ორგანიზაციული და ოპერაციული ცვლილებების მართვის ექსპერტი. ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ციფრული განათლებისთვის ინსტიტუციური მზაობის შეფასება, მართვის მოდელები, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა, ორგანიზაციული ცვლილებების მართვა, ციფრული განათლების ხარისხის უზრუნველყოფა, მდგრადობის დაგეგმვა და ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელების გეგმების შემუშავების საკითხები.
პრაქტიკული სამუშაო სესიების ფარგლებში მონაწილეებმა განახორციელეს საკუთარი უნივერსიტეტების ინსტიტუციური თვითშეფასება და შეიმუშავეს ციფრული ტრანსფორმაციის გეგმის საწყისი ვერსია. კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა შეაფასა უნივერსიტეტის ციფრული მზაობის არსებული მდგომარეობა, გამოავლინა ინსტიტუციის ძლიერი მხარეები, არსებული გამოწვევები, მმართველობითი პრიორიტეტები და დანერგვის პროცესთან დაკავშირებული რისკები. სამუშაო სესიების შედეგებზე დაყრდნობით მომზადდა ინსტიტუციური ციფრული ტრანსფორმაციის გეგმის საწყისი ვერსია, რომელიც განსაზღვრავს მმართველობის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შესაძლებლობების განვითარების, ციფრული ინფრასტრუქტურის, ხარისხის უზრუნველყოფისა და ციფრული განათლების საპილოტე ინიციატივების განხორციელების სტრატეგიულ მიმართულებებს.
2 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის წარმომადგენლებმა, აკაკი კაპანაძემ და დავით წიკლაურმა, მონაწილეობა მიიღეს კონსორციუმის საკოორდინაციო შეხვედრაში, რომლის ფარგლებში პარტნიორმა ორგანიზაციებმა შეაფასეს პროექტის მიმდინარეობა, განიხილეს ძირითადი სამუშაო პაკეტების განხორციელების პროგრესი და მომდევნო აქტივობები.
აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობა ხელს უწყობს კავკასიის უნივერსიტეტში ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას და პროექტის ფარგლებში მაღალი ხარისხის ციფრული განათლების განვითარების სტრატეგიული და მდგრადი მიდგომების შემდგომ განვითარებას.
