კავკასიის უნივერსიტეტი გაეროს კონფერენციის თანაორგანიზატორი იყო

11 იანვარი
უნივერსიტეტმა და ზემო ავსტრიის უნივერსიტეტმა ერთობლივად უმასპინძლა გაეროს კონფერენციას სახელწოდებით "Building Bridges Through Education."

კონფერენცია, რომელმაც ხელი შეუწყო კულტურათა შორისი განათლების სისტემის განვითარებას, გაეროს მიერ მიღებული ათი ფუნდამენტური პრინციპის შემუშავებიდან მეორე წლისთავს მიეძღვნა, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებების, წიგნიერების, მდგრადი განვითარების და კონფლიქტების მოგვარების კუთხით.

კონფერენციას 190 ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. ძირითადი აქცენტი გლობალურ კონტექსტში უმაღლეს განათლებაზე გაკეთდა.

საერთაშორისო ექსპერტებმა, უნივერსიტეტების პრეზიდენტებმა, ასევე დაინტერესებულმა პირებმა კულტურათა შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. კავკასიის უნივერსიტეტმა, როგორ კონფერენციის თანაორგანიზატორმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გაეროს დღის წესრიგის პოპულარიზაციაში, რომელიც ათ ფუნდამენტურ პრინციპს მოიცავს.

„სწრაფად ვითარდება საზოგადოება და ეკონომიკა, რასაც ხელს უწყობს კომუნიკაციური პროცესების განვითარება. საზოგადოებებს შორის უნდა არსებობდეს ურთიერთობების ხიდი" – განაცხადა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ თავის გამოსვლაში კონფერენციის მეორე დღეს. „ათასწლეულების განმავლობაში საქართველო ასრულებდა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ე.წ. "აბრეშუმის გზის" ფუნქციას. ვიმედოვნებ, რომ კონფერენცია დაგვეხმარება ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით" - აღნიშნა მან.

კონფერენცია სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასასრულს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო კავშირი გაგრძელდება - "ჩვენ ვესტუმრებით ერთმანეთს და გავუზიარებთ გამოცდილებას, ასეთი ქმედებით ჩვენ შევძლებთ ურთიერთობების გაღრმავებას განათლების ინტერნაციონალიზაციის გზით" – განაცხადა კახა შენგელიამ.

{phocagallery view=category|categoryid=210|limitstart=0|limitcount=0}