ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

11 იანვარი
მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შესაბამის სტრუქტურებში გაიარონ სტაჟირება, აიმაღლონ ცოდნა და კვალიფიკაცია. მემორანდუმს ხელი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მოაწერეს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ხელი შეუწყოს სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებაში. სწორედ აქედან გამომდინარე, ფონდის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა მიმართულებით ( შესყიდვები, ფინანსები, მენეჯმენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, პროექტირება, პროექტების მონიტორინგი, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა) აღნიშნულ სფეროებში მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, რაც კარიერული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ფონდის მიერ გამოცხადებული ვაკანსიისა და სტაჟირების შესახებ პირველწყაროდან მიიღონ ინფორმაცია. სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან სტაჟირებას და დააკმაყოფილებენ ფონდის მიერ ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მიეცემათ შესაძლებლობა დასაქმდნენ მგფ-ში.

ამასთან ერთად, ფონდის მენეჯმენტი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე სტუდენტებს ფონდის დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა პრეზენტაცია ჩაუტარა, სადაც მათ ფონდის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით ტაბიძე, დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ გოგოტიშვილი, ასევე, ფონდის ადამიანური რესურსების მართვის მიმართულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



{phocagallery view=category|categoryid=753|limitstart=0|limitcount=0}