მასტერკლასი - „კალიგრაფიის ხელოვნება - მოგზაურობა წარსულიდან მომავალში“

25 მარტი 2023

24 მარტს, CU-ში, კავკასიის უნივერსიტეტმა და საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციამ, პროექტის "მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა" ფარგლებში, დავით მაისურაძისა და გიორგი სისაურის მასტერკლასი: „კალიგრაფიის ხელოვნება - მოგზაურობა წარსულიდან მომავალში” - ჩაატარა.

 

გიორგი სისაურისა და დავით მაისურაძის კალიგრაფიული ქმნილებები დაცულია ბრიტანეთის დედოფლის, ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის, ვატიკანისა და სხვა მნიშვნელოვან კოლექციებში; ნიუ-იორკში - გაეროს შტაბ-ბინაში. მათი გამოფენები წარდგენილი იყო კაიროსა და ალექსანდრიაში, დუბაიში, სოფიაში, ბერლინსა და მილანში, ევროპისა და აზიის არაერთ ქალაქში.

 

მასტერკლასი მოიცავდა ორ მიმართულებას: პერფორმანსსა და პრაქტიკულ ნაწილს. პირველ ეტაპზე კალიგრაფებმა საჩვენებელი კალიგრაფიული აქტივობა წარადგინეს - ქართული კალიგრაფია, როგორც თანამედროვე ხელოვნების უნიკალური მიმართულება. პერფორმანსის შემდეგ კი - წერის ხელოვნება და ტექნიკა გააცნეს დამსწრე საზოგადოებას, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესიონალების ხელმძღვანელობით მოესინჯათ მარჯვენა კალიგრაფიის ხელოვნებაში, ზიარებოდნენ მელნისა და კალმის საიდუმლოს.

 

აღნიშნული ღონისძიება პროექტის _ „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ ნაწილია, რომლის ავტორია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი - მარიამ მანჯგალაძე. პროექტი წარმატებით განხორციელდა ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტში, 2016 წლის 14 აპრილს და, მას შემდეგ, სხვადასხვა საინტერესო ფორმატით, ყოველწლიურად ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში.