AACSB-ის ვიცე-პრეზიდენტის რონ ტუნინგას ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

19 ივლისი 2023

16-18 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტმა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის AACSB-ის ვიცე-პრეზიდენტს, რონ ტუნინგას უმასპინძლა. AACSB (The American Assembly of Collegiate Schools of Business) გლობალური არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც აკავშირებს პედაგოგებს, სტუდენტებსა და ბიზნესს საერთო მიზნის მისაღწევად: ხელი შეუწყოს წარმატებული ლიდერების თაობის ჩამოყალიბებას. 1916 წელს ჩვიდმეტი მოწინავე ამერიკული უნივერსიტეტისა და კოლეჯის მიერ დაარსებული სააკრედიტაციო ორგანიზაცია, ბიზნესის განვითარებისა და განათლების სრულყოფის სფეროში უმაღლეს სტანდარტებს აერთიანებს. 

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი არის AACSB-ის წევრი და ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა (CSB) აკრედიტაციის საბოლოო ეტაპზეა. უნივერსიტეტის მიერ ინიცირებულმა ვიზიტმა, მოგვცა ცოდნის, გამოცდილებისა და აზრების გაზიარების შესაძლებლობა, რაც წარმატებული და საფუძვლიანი თანამშრომლობის საწინდარია. 

 

ბ-ნმა რონ ტუნინგამ კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს გაუზიარა ღირებული ინფორმაცია AACSB აკრედიტაციის, განათლების გლობალური ხარისხის მნიშვნელობის და მისი უპირატესობების შესახებ.

 

ვიზიტის დროს, ბ-ნი ტუნინგა კავკასიის უნივერსიტეტის გუნდთან - ვიცე-პრეზიდენტთან კვლევისა  და სტრატეგიული განვითარების დარგში ბორის (ბუბა) ლეჟავასთან და საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დირექტორთან ირმა გრძელიძესთან  და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (NCEQE) გუნდთან NCEQE-ის დირექტორის მოადგილე ლაშა მარგიშვილთან, NCEQE-ის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეთევან ინანაშვილთან და უმაღლესი განათლების ხარისხის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნიკოლოზ ფარჯანაძესთან ერთად ჩაერთო დინამიკურ დისკუსიებში, რომელთა ფოკუსშიც მოექცა საქართველოში ბიზნეს განათლების განვითარება და უმაღლესი გლობალური სტანდარტების შესაბამისად ბიზნეს განათლების გაუმჯობესება. 

 

კავკასიის უნივერსიტეტი AACSB-ს მონაწილეობითა და NCEQE-ის ჩართულობით მომავალ სასწავლო წელს გეგმავს საინფორმაციო სესიებს, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრები საქართველოსა და რეგიონში არსებულ ბიზნეს სკოლებთან/უნივერსიტეტებთან და ისაუბრებენ AACSB აკრედიტაციის ღირებულებებსა და უპირატესობებზე. 

 

შეხვედრების დროს განიხილეს სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმები,  საზოგადოების გათვითცნობიერების,  საკითხის საინტერესოდ მიწოდების მნიშვნელობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და სასწავლო პროცესში სტუდენტის წინსვლისა და განვითარების საზომი მექანიზმები.

 

დისკუსიები ასევე მიეძღვნა ინოვაციური მიდგომების გამოვლენას ხელსაყრელი სასწავლო გარემოს შესაქმნელად და არსებული აკადემიური პროგრამების დახვეწას და გაუმჯობესებას. NCEQE-ის ხედვა და მათი გამოცდილება აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში უდავოდ ხელს შეუწყობს ჩვენი საგანმანათლებლო შეთავაზებების ხარისხის ამაღლებას.