კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ტრადიციული ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; დავით სონღულაშვილი - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; გიორგი ჩაკვეტაძე - პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ნუნუ მიცკევიჩი - განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი; ალან ს. პერსელი - საქართველოში აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე; მაჰმუდ ადიბი - საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები ამერიკიდან, ყაზახეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან.
ღონისძიების ფარგლებში საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ: ალმათის მენეჯმენტის უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და დამფუძნებელს - ასილბეკ კოჟახმეტოვს; Solimar International-ის თავმჯდომარეს, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მენეჯმენტის, ტურიზმის კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორ-ემერიტუსს - დონალდ ი. ჰოკინსს; იოჰანესბურგის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერსა (რექტორი) და დირექტორს - ლეთლჰოკვა ჯორჯ მპედის.
კურსდამთავრებულებს სიტყვით კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, მოწვეულმა სტუმრებმა, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა - გიორგი ამილახვარმა (ვიდეო მიმართვით), ელჩებმა და სკოლების დეკანებმა მიმართეს. მათ სტუდენტებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
დიპლომების გადაცემის ცერემონიალი ტრადიციულად ქუდების აყრით და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.
უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიის უნივერსიტეტს წელს ნოვატორობისა და უწყვეტი განვითარების 25 წელი შეუსრულდა, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება ჩატარდა. კავკასიის უნივერსიტეტი უკვე 23 წელია, რაც გამოსაშვებ ცერემონიას ყოველწლიურად ატარებს კურსდამთავრებულთათვის. 2018 წლიდან ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიულ კამპუსში იმართება.