კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ირენა მელუა, ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (NIBES) მმართველი საბჭოს წევრი გახდა. მის კანდიდატურას ასოციაციის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი რიგით 27-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც ინდონეზიაში, გაჯა მადას უნივერსიტეტში (Gadjah Mada University) გაიმართა.
კავკასიის უნივერსიტეტმა ნიბესის წევრის სტატუსი 2007 წელს, ჰიროსიმაში გამართულ მე-11 წლიურ შეხვედრაზე მოიპოვა და ერთადერთი ქართული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაა ორგანიზაციაში.
აღსანიშნავია, რომ ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრობა კავკასიის უნივერსიტეტისთვის ინტერნაციონალიზაციის პროცესში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და მნიშვნელოვანი წარმატებაა. ახალი მანდატის ფარგლებში უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს წამყვანი ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების ქსელის საერთაშორისო თანამშრომლობის პოლიტიკის გაძლიერებასა და გაღრმავებაში.
"NIBES"-ი საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც ამჟამად 21 ქვეყნის 21 ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლას აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანია წევრ უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა და აკადემიური გაცვლის, კვლევებისა თუ ერთობლივი აკადემიური პროგრამების მხარდაჭერა.